რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალი: ომი არ იქნება, სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსი, მარინა კოტაევა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსგან თავდასხმის საშიშროება არ არსებობს, რადგან, მისივე თქმით, ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯებს არ გაიმეორებს.

"გუშინ სოფელში პანიკა იყო. გავრცელდა ხმები კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე. ხალხი ერთმანეთს ურეკავდა და ეკითხებოდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე. საუბარი ბავშვების შესაძლო ევაკუაციაზეც კი იყო. არანაირი ომი არ იქნება. საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს,"-თქვა კოტაევამ.  

მარინა კოტაევას თქმით, დახმარების თხოვნით ოკუპირებულ ცხინვალს საგუშაგოსთან მცხოვრებმა პირებმა მიმართეს.

"საგუშაგოსთან 11 ოსური ოჯახი ცხოვრობს და მათ შეეშინდათ. ამ ოჯახებმა თავი დაუცველად იგრძვნეს და დახმარება ითხოვეს",-თქვა მან.

კოტაევას თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, ქართველი პოლიტიკოსები ყურადღების გადატანას ოკუპირებულ ცხინვალზე ცდილობენ. მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზს რუსეთის ფედერაცია იცავს და ქართველი სამხედროების აგრესიული ქმედება რუს სამხედროებზე თავდასხმად იქნება განხილული.   

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები