რუსული ოკუპაცია

ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ტაბულა

ოკუპირებულ სოფელ წნელისში დასრულდა შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ორივე მხრიდან გამოითქვა დიალოგის მზაობა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

"ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები, რომ არის მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა." - განაცხადა ანთაძემ.

მისი განცხადებით, შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ არაა დადგენილი:

"მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ არ გადაიდგას არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით."

წნელისში გამართულ შეხვედრას უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, სუს-ის წარმომადგენლები და ეუთოს სადამკვირებლო მისია ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს.  

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები