რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი: საქართველოს ქმედებები შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია

პირველი არხი

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ "რესპუბლიკის" ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია და ის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანას შეუნიღბავი აგრესიის ფაქტად განიხილავს, რომელიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

იმის მიუხედავად, თუ საქართველოს ხელისუფლებაში რომელი პოლიტიკური ძალები არიან, აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის საქმიანობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია.

აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში მხარს უჭერენ, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრებათ.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი აცხადებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის, ძალისმიერი საშუალებით აღიკვეთება",- წერია ე.წ. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები