ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი: ფულის მასის ზრდასა და ვალუტის კურსის ცვლილებას შორის კავშირი არაა

საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ფულის მასის ზრდა არაა კავშირში ინფლაციასა და ვალუტის კურსის ცვლილებასთან.

"ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. ამ საკითხზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გაავრცელა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით. ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი (მათ შორის სებ-იც), ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის, და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდასა ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია." - წერია განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ კორელაცია ფულის მასის ზრდასა და ლარის გაუფასურებასთან არ მყარდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირით.

"გარდა ამისა, სტატისტიკის საწყისს წარმოადგენს ის, რომ კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას. მაღალი კორელაციის დროს შეიძლება პირველი მწკრივი ახდენდეს გავლენას მეორეზე, ან პირიქით მეორე პირველზე, ან იყოს მესამე მწკრივი, რომელიც ორივეს განსაზღვრავს, ან ამ ორ მწკრივ შორის რაიმე კავშირი საერთოდ არ იყოს. ამიტომ, მიზეზ-შედეგობრიობის სტატისტიკური კავშირის დასადგენად დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარებაა საჭირო," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები