აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, მოერიდონ საოკუპაციო ხაზს

KCCT

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ ვებ-გვერდზე ამერიკელი მოქალაქეებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს, სადაც მათ მოუწოდებს, თავი შეიკავონ საოკუპაციო ხაზთან მისვლისგან.

"მიმდინარე მოვლენების ფონზე, შევახსენებთ აშშ-ს მოქალაქეებს, რომ მოერიდონ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს, რომელიც სამხრეთ ოსეთს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისგან ყოფს. აშშ-ს საელჩოს პერსონალს ეკრძალება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორივე რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს გამგზავრება."

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

30 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდებოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-მ ანატოლი ბიბილოვის ბრძანების შესრულება დაიწყო.

კომენტარები