აშშ - საქართველო

სახ.დეპ: რუსეთს მოვუწოდებთ გამოიყენოს ყველა გზა, რათა თავიდან აირიდოს ესკალაცია

0 კომენტარი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

30 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს სამხედრო მობილიზების შესახებ ცნობებს რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი ვითარების გადასაჭრელად გამოიყენონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი" და იმუშაონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად. ამასთანავე, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს.  

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

30 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდებოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-მ ანატოლი ბიბილოვის ბრძანების შესრულება დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები