რუსული ოკუპაცია

ე.წ. მინისტრი: საქართველოს მიზანი ოსეთის სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდება და გაყიდვაა

osinform.org

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქმედებების მიზანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული.

დმიტრი მედოევი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ისინი უცხოელ ინვესტორებს გადასცეს.

ე.წ. მინისტრი ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც არის მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ მან გამოიყენოს ყველა არსებული გზა, "რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

"როგორც იქნა, შეწუხდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი დამკვეთები. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, უძველესი დროიდან ცნობილია ტალკის და მარმარილოს წარმოებით. და ზოგადად, სწორედ ამ ხეობაში უხვადაა მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტის, ნეფრიტის მარაგები, რომ არაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხასა და ძვირფასი ხეების სახეობებზე... ვეჭვობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადაეცა ეს მიწები ბიზნესის უსაფრთხოდ წარმოების გარანტიით", - თქვა მედოევმა.

მან ასევე აღნიშნა. რომ ამ გეგმის რეალიზებისთვის საქართველომ საკუთარი პოლიცია აამოქმედა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ამის დაფარვისთვის გამოიყენა. ე.წ. მინისტრი ამბობს, რომ "ჩვეულებრივ, ჰიპერაქტიურ" ქართულ მედიას ეს არ გაუშუქებია, რადგან, მისი ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლებას ამ "ოპერაციის" გატარება ზედმეტი ხმაურის გარეშე სურდა. ამ ვარაუდის მიზეზად მედოევი ასახელებს იმას, რომ ქართული საზოგადოება "ამის გარეშეც მტკივნეულად აღიქვამს მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას".

გარდა ამისა, ე.წ. მინისტრი ამბობს, რომ ქართულ მხარესთან ბევრი კითხვაა, თუმცა მათ შორის მთავარი მაინც ისაა, "როგორ შეიძლება, სიტყვებით მშვიდობიანი პროცესის დეკლარირება, საქმით კი ვიღაცის ინტერესების გამო ვითარების ახალი ომის გაჩაღებამდე მიყვანა".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ წნელისთან მიმდინარე მოვლენებს 30 აგვისტოს გამოეხმაურა და ყველა მხარეს მოუწოდა, თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია. ამასთან, სახდეპმა რუსეთს მოუწოდა "გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ".

შეგახსენებთ, რომ​ ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 29 აგვისტოს, ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

30 აგვისტოს ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.

კომენტარები