აშშ-ირანი

ტრამპმა აფეთქებული ირანული რაკეტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ჩვენ არაფერ შუაში ვართ"

AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მისი თქმით ირანის გამოსაცდელ ბაზაზე სატელიტური რაკეტის აფეთქებას ასახავს და განმარტა, რომ აშშ ამ წარუმატებელ სარაკეტო გამოცდასთან არაფერ შუაშია.

ოფიციალურ თეირანს ამ დრომდე არ დაუდასტურებია მართლაც აფეთქდა თუ არა გასულ კვირას სემნანის კოსმოსური ცენტრის ბაზაზე მათი რაკეტა.

"ამერიკის შეერთებული შტატები არ მონაწილეობა კატასტროფულ შემთხვევაში, რომელიც ირანში, სემნანიდან Safir SLV-ს გაშვებისას მოხდა. ირანს საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი და წარმატებებს ვუსურვებ იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა."

საჯაროდ გავრცელებული სატელიტური ფოტოები ტრამპის ინფორმაციას ადასტურებს. მათზე გამოსაცდელ ბაზაზე კვამლი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ გაშვებისას რაკეტის აფეთქებას მოჰყვა.

ირანი, სავარაუდოდ, მესამედ ცდილობდა კოსმოსში სატელიტის გაშვებას, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში მსგავსი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მათ სატელიტს Nahid 1-ს არაფერი დამართნია და ის ამჟამად ლაბორატორიაშია. მას რაკეტის აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ამ ფოტოს გავრცელების უფლება ჰქონდა, თუმცა ექსპერტების ნაწილმა ის გააკრიტიკა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამგვარად გასაჯაროვდება, თუ რა დონეზე და ტექნიკით აკვირდება აშშ ირანის სამხედრო და სარაკეტო პროგრამებს.

კომენტარები