აშშ

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: პოლონეთს ვეხმარებით რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში

რიკ პერი
Reuters

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ ვარშავაში პოლონელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ პოლონეთსა და უკრაინას ეხმარება რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში და რეგიონისათვის გაზის მიწოდებაზე თანამშრომლობას გააძლიერებს.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ უკანასკნელ წლებში აშშ-საგან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეძენის გაზრდის შემდეგ პოლონეთს 2021 წლიდან შეეძლება უკრაინაში 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაგზავნოს. ამჟამად რაოდენობა 1.5 მილიარდი კუბური მეტრია.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინაში ბუნებრივი აირის მიწოდების, რომელიც ამჟამად რუსეთზეა სრულად დამოკიდებული, დივერსიფიკაციისათვის." თქვა მან.

აშშ-ის, პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელშიც საუბარია რეგიონისათვის აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდაზე პოლონეთის და უკრაინის ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომელიც, მემორანდუმის მიხედვით, უნდა გაფართოვდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ენერგო-დომინირების პოლიტიკა ენერგორესურსების წარმოებაზე აშშ-ში არსებული რეგულაციების შემცირებას მოიცავს, რათა მწარმოებლებმა ბუნებრივი აირის ექსპორტზე გატანა შეძლონ. ამგვარად აშშ ევროპას რუსული გაზის ალტერნატივას სთავაზობს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ რუსეთ-უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანზიტის მიმდინარე შეთანხმებას ვადა იანვარში ეწურება და უკრაინის წარმომადგენლები შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს და ზოგიერთ რეგიონს ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე დატოვებს.

პოლონეთის, რომელიც ასევე დიდწილად რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული, გაზპრომთან შეთანხმებას კი 2022 წელს ეწურება ვადა და ქვეყანა ემზადება რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულების შესამცირებლად.

კომენტარები