რუსული ოკუპაცია

ქაცარავა: ოკუპანტის დრონი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოფრინდა, ჩვენც ავფრინდით

0 კომენტარი
ფოტო: რეგინფო

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპირებული რეჟიმის კუთვნილი დრონი თავისი ჯგუფის დრონითვე ჩამოაგდო. 

​მან სატელეფონო საუბარში ტაბულას უთხრა: 

"ამ დრონის განეიტრალება ჩვენივე დრონით მოვახერხეთ. ჩვენი დრონი აფრინდა, ზემოდან გადაუფროინა, შეიქმნა ვაკუუმი და ეს დრონი ჩამოვარდა. ფრენა რუსულმა მხარემ განახორციელა ჩვენს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, ერთმნიშვნელოვნად ჩვენს სივრცეში. ჩვენ ეს დრონი ავიღეთ, მაგრამ პოლიციამ ძალით წაგვართვა და დაუბრუნა რუსულ მხარეს. 

ჩვენც ავფრინდით. ცოტა რთულია, დრონი დრონს დაასვა საჰაერო ფრენაში. ეს სამხედრო დრონი არ იყო. ეს იყო სამოქალაქო მოხმარების დრონი, მავიკ პლატინიუმი. შესაბამისად, არანაირი გართულების ან რამე პროვოკაციის სახე ამას, ბუნებრივია, არ ჰქონია. მათი მხრიდან იყო ეს პროვოკაცია და დარღვევა, გადმოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში, შესაბამისად, მოხდა ასეთი, გნებავთ ინციდენტი დავარქვათ, გნებავთ საჰაერო შეტაკება. უშუალოდ ჩვენი ჯგუფის თავზე დაფრინავდა, ჩვენს პოლიციას უღებდა კადრებს, შესაბამისად, ჩვენგან მოხდა აი ასეთი კონტრ-აფრენა, რომელმაც გამოიწვია ამ დრონის ჩამოგდება". 

ქაცარავა ამბობს, რომ ის და მისი ჯგუფი შეუიარაღებლები არ არიან და ცეცხლის გახსნის შესახებ ოკუპანტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისივე თქმით, ჩამოგდების გადაწყვეტილება ქართველ სამართალდამცველებთან შეთანხმებული არ ყოფილა. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, პირველ სექტემბერს ქართულმა მხარემ მათ უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნა.

მათი თქმით, საფრენი აპარატი სოფელ წნელისთან ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა, ამ დროს კი ქართულმა მხარემ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც აპარატი ჩამოვარდა საოკუპაციო ხაზთან. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატი სამოქალაქო პირის საფრენ აპარატს შეეჯახა. სუს-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები