სამთავრობო ცვლილებები

ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, ტექნოპარკში, თოქ-შოუების წამყვანებთან ისაუბრებს

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების გუშინ, პირველ სექტემბრის სხდომაზე განხილულ სამთავრობო ცვლილებებზე დღეს, 15:00 საათზე ისაუბრებს. ამის შესახებ ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს. 

მათი ცნობით, პრემიერი თბილისში, ტექნოპარკში, სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება.

"დეტალურად ისაუბრებს, შეაჯამებს საქმიანობას და იტყვის ხედვებზე"- ამბობენ უწყებაში. 

გუშინ, პირველ სექტემბერს, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სამთავრობო ცვლილებები განიხილეს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან ცვლილებების დეტალებზე არ ისაუბრეს. 

გია ვოლსკიმ თქვა, რომ საზოგადოება პასუხებს იმ კითხვებზე, რაც არსებობს, 2 სექტემბერს მიიღებს.

"ხვალ დილას გექნებათ საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შესაბამის განცხადებას გააკეთებს მამუკა ბახტაძე. [ტოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას] ამაზე გაცილებით კარგ კომენტარს გააკეთებს პრემიერმინისტრი ბახტაძე, ვიდრე მე".

კითხვაზე, ვისი გადაწყვეტილებით ტოვებს მამუკა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკიმ უპასუხა:

"ამაზე ხვალ გექნებათ გაცილებით საინტერესო, სრულმასშტაბიანი ინფორმაცია. ამის იქით სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილის, გია ვოლსკის, არჩილ თალაკვაძის, კახა კალაძის პოზიცია არის ერთი და არ არის ამ პოზიციებში განსხვავება".

უმრავლესობის გუშინდელ სხდომას ესწრებოდა ირაკლი კობახიძეც, რომელიც 20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წავიდა და როგორც მმართველი გუნდი ამბობს, გავრილოვის ღამეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს - რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაც, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.

კომენტარები