სამთავრობო ცვლილებები

დიღმელაშვილი: თუ ივანიშვილი დააწინაურებს გახარიას, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს

რუსთავი 2

აქცია სირხცვილია-ს ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი, ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგის ჩატარებამდე, საკუთარ ფეისბუქზე დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს მიიღებს.

"ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ ქართულ ოცნებას არ უნახავს.

გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.

ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შსს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

სინამდვილე სხვანაირია. შსს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.

გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოაცხადა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის კანდიდატად წარდგენის შესახებ.

ქართული ოცნების ამ განხცხადების პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია"სირცხვილია" მიმდინარეობდა. ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა. 

კომენტარები