ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტი

ზაქარია ქუცნაშვილის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის დადგენილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საჯაროდ განცხადება 21 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ და ქუცნაშვილმა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ განთავსებულები

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა. ირაკლი კობახიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა თანამდებობები ამის შემდეგ დატოვეს. აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა და 75 დღის განმავლობაში, არ შეწყვეტილა. 20 ივნისს აქციის დარბევიდან 76-ე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები