რუსეთი

რუს ბლოგერს პოლიციის ოფიცრების ბავშვებზე დაწერილი Tweet-ის გამო 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Sputink International

მოსკოვის პრესენსკის რეგიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუს ბლოგერს ვლადისლავ სინიცას პოლიციის ოფიცრების ბავშვებზე დაწერილი Tweet-ის გამო ექსტრემიზმის მოწოდებით, ძალადობის საფრთხის ბრალდებით 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სოციალურ ქსელ Twitter-ში მოქალაქეები განიხილავდნენ, თუ რა საჭიროა საზოგადოებრივი შეკრების დროს პოლიციელებმა თავიანთი სახე დ სამკერდე ნიშნები აჩვენონ.

დისკუსიის დროს 31 ივლისს ბლოგერმა სინიცამ შემდეგი Tweet დაწერა - "[ხალხი] ნახავს მათი ბედნიერი ოჯახის ფოტოებს, შეისწავლის ადგილმდებარეობას და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს გამბედავი პოლიციის ოფიცრის შვილი სკოლიდან სახლში არ მივა და ამის სანაცვლოდ ისინი ფოსტით მიიღებენ CD-ს, სადაც ვიდეო იქნება ჩაწერილი".

ბრალდებულმა ბლოგერმა დაადასტურა, რომ Tweet ნამდვილად მისი დაწერილია, თუმცა თქვა, რომ იგი ზიანის მიყენებას არავისთვის აპირებდა, არავის აშინებდა და მხოლოდ პოლიციელების ანონიმურობის შესაძლო შედეგებზე მსჯელობდა. 

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, პროკურორმა სინიცას ჰკითხა, თუ რატომ ისაუბრა "ბავშვების გატაცების აუცილებლობაზე," რაზეც ბრალდებულმა უპასუხა - "ბავშვების გატაცების აუცილებლობის შესახებ მე არასდროს არაფერი მითქვამს".

განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ კირიჩენკომ ასევე უბრძანა სახელმწიფოს ჩაებარებინა "სინიცას დანაშაულის ინსტრუმენტი" - მისი მობილური, თეთრი აიფონი.

პროკურატურამ ექვსწლიანი პატიმრობა მოითხოვა, რაც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით ექსტრემიზმის შესახებ სასჯელის მაქსიმალური ვადაა. სინიცას სასამართლო პროცესი 10 საათს გაგრძელდა.

"მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ სინიცას Tweet ექსტრემისტული იყო, მოიცავს თარჯიმნის, უცხო ენების ინსტრუქტორის და მათემატიკის მასწავლებლის ჩვენებებს - რომელთაგან არცერთს აქვს გავლილი სპეციალიზირებული ფილოლოგიური მომზადება," - წერს Mediazona.

ეროვნული გვარდიის სპიკერმა ვალერი გრიბაკინმა სინიცას განაჩენი მოიწონა და აღნიშნა, რომ "სასჯელი მის ქმედებებს შეესაბამება".

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ განაჩენი დაგმო და განაცხადა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს "დღეში 30-ჯერ ემუქრებიან სიკვდილით".

სინიცა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები