უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ქულები გამოქვეყნდა

ხატია ჯამალაშვილი/საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების ქულები გამოაქვეყნა. საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.  

დღეს, 4 სექტემბერს, 16:00 საათზე კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი გამოვლინდება, რომელსაც საბჭო პარლამენტს წარუდგენს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭო სწორედ 20 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

კომენტარები