საქართველოს პარლამენტი

ხულორდავა ოპოზიციის ბოიკოტზე: საქმის კეთება არ აინტერესებთ და ლოზუნგებით ლაპარაკობენ

ტაბულა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, ის წუხს, რომ ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატების წარდგენას არ ესწრება. მისი თქმით, ოპოზიცია პრობლემური საკითხების საქმიან რეჟიმში განხილვის ნაცვლად, სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს. 

"მაშინ როცა რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად ყველა კითხვას ვუპასუხოთ და სამუშაო რეჟიმში ვიყოთ და არა ლოზუნგების კეთების რეჟიმში, ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც დღეს ხდება დარბაზში, როცა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ იმყოფებიან ჩვენთან ერთად და არ იყენებენ ამ შესაძლებლობას. ეს ჩემთვის არის სიგნალი. ოპოზიციას საქმის კეთება არ აინტერესებს და აინტერესებს ლოზუნგებით ლაპარაკი. ამ ლოზუნგების უკან კი არაფერი არ დგას. არასდროს არ მაქვს პრობლემა, დეტალურად ვისაუბროთ პოლიტიკურ კურსზე, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ. თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია ხარ და სამთავრობო გუნდს რაღაცაში ბრალს დებ, მაშინ დისკუსიაში შესვლას არ უნდა გაურბოდე და ასეთ ფორმატებს უნდა იყენებდე, რომ ეს კითხვები დასვა"- ამბობს ხულორდავა

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი წარდგება, მას საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. დღის მეორე ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

საპარლამენტო ოპოზიცია, კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენებს ბოიკოტს უცხადებს. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე გუშინ წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.

კომენტარები