როჯერ ვოტერსი

როჯერ ვოტერსმა ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად WISH YOU WERE HERE შეასრულა

Pink Floyd-ის წევრმა, როჯერ ვოტერსმა გუშინ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად Wish You Were Here შეასრულა.

როჯერ ვოტერსის შესრულებას ხალხიც ესწრებოდა, იქ ასევე იყო გაკრული ბანერი - “არ მოახდინოთ ჯულიან ასანჟის ექსტრადირება”.

სიმღერამდე როჯერ ვოტერსი სიტყვითაც გამოვიდა და ჯულიან ასანაჟის თავისუფლება მოითხოვა.

”როდესაც ნამდვილი ჟურნალისტი და ჩვენი თავისუფლებების დამცველი ჯულიან ასანჟი არალეგალურად აიყვანეს ეკვადორის საელჩოდან, მან დასახმარებლად ბრიტანელ ხალხს მოუხმო. მე ბრიტანელი ვარ, საკმარია!”, - თქვა მან.

დიდი ბრიტანეთი ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას აშშ-ში 2020 წლის თებერვალში მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ეკვადორის საელჩოში მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-მა მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

კომენტარები