საქართველოს პარლამენტი

ვოლსკი: ოპოზიციის დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ უნიათოა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია დავით ზალკანიანის სხდომას არ ესწრება, რადგან მათი დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ უნიათოა.

"ბოიკოტს არ ჰგავს, იმიტომ რომ რამდენიმე წევრი შემოვიდა ხელი მოაწერეს და აღნიშნეს, რომ მონაწილეობენ და დატოვეს სხდომა. მთლიანობაში დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, საგარეო საკითხების მიმართ არის იმდენად უნიათო, რომ ვფიქრობ, შეკითხვაც აღარ დარჩათ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საგარეო სფეროში ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და ამის გარდა, არის კიდევ დაუმალავი ინსტრუქცია იქნება ეს სააკაშვილისგან თუ მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი. ამ საკითხებთან მიმართებაში რასაკვირველია არაფერი აქ საერთო იმ განხილვებს, რაც ახლა მიმდინარეობს საგარეო კურსთან და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით",- თქვა გია ვოლსკიმ.

ევროპული საქართველო საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დაესწრო, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზალკანიანის სამთავრობო პროგრამის წარდგენას უსმენდნენ. 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ თქვა, ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არაფერი არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, ისინი არც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან დასვამენ შეკითხვებს და არც რომელიმე სხვა საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან მინისტრობის სხვა კანდიდატებთან. 

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, მას საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. დღის მეორე ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე გუშინ წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.

კომენტარები