რეფინანსირების პოლიტიკა

ბედინეიშვილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე: გაიზრდება პროცენტი ყველა სესხზე ლარში

0 კომენტარი
გიგა ბედინეიშვილი

ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ტაბულა ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯის შედეგი ლარში დენომინირებულ ყველა სესხზე, ასევე განვადებულ პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა იქნება:

"ლარში დენომინირებული ყველა სესხის ინსტრუმენტის ფასი გაიზრდება. სესხები გაიზრდება, ბანკების მიერ გაცემული სესხები გაიზრდება, განვადებულ პროდუქტებზე პროცენტები გაიზრდება. ყველაფერზე, რაც არის ლარში დენომინირებული, საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება."

ბედინეიშვილი ასევე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მოყვება ეკონომიკური ზრდის შეფერხებაც:

"იცის ეროვნულმა ბანკმა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგრამ აქ ორ უარეს სცენარს შორის, გადაწყვიტეს, რომ ემოქმედათ ინფლაციის საწინააღმდეგოდ და დაბალი პრიორიტეტი მიანიჭეს ეკონომიკის შეფერხებას."

როგორც გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, ლარის კურსზე რეფინანსირების განაკვეთის მატება დადებით გავლენას იქონიებს, თუმცა მხოლოდ მოკლე ვადაში.

"ლარის კურსთან მიმართებით ასეთ ნაბიჯს აქვს გამყარების ეფექტი. იმიტომ, რომ ლარზე მოკლე ვადაში მოთხოვნას ზრდის.

მოთხოვნა როცა იზრდება ლარზე, მოკლე ვადაში ეს კურსზე დადებითად მოქმედებს. თუმცა ვიცით, რომ ეს გასტანს ცოტა ხანი. როგორც აგვისტოს დასაწყისში რეზერვების გაყიდვის შემთხვევაში მოხდა, ამას არ ექნება გრძელვადიანი ეფექტი."

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ, უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ ზრდასა და აქტივობაზე.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები