რეფინანსირების პოლიტიკა

ბედინეიშვილი: სებ-მა არჩია ინფლაციასთან ბრძოლა ეკონომიკური ზრდის შენელების ხარჯზე

ტაბულა

ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ ტაბულასთან საუბარში ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა, რომ უწყებამ არჩევანი ორ უარეს სცენარს შორის გააკეთა:

"იცის ეროვნულმა ბანკმა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგრამ აქ ორ უარეს სცენარს შორის, გადაწყვიტეს, რომ ემოქმედათ ინფლაციის საწინააღმდეგოდ და დაბალი პრიორიტეტი მიანიჭეს ეკონომიკის შეფერხებას."

ბედინეიშვილის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, რაც მეორე მხრივ, უარყოფითად ისახება ეკონომიკურ აქტივობაზე:

"დაინახეს ნიშნები, რომ ინფლაციის ტემპი იზრდება, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ ლარი უფასურდება. როცა ლარი უფასურდება, როგორც წესი, ერთ-ორ თვიანი დაგვიანებით ამას მოყვება ახალი სპირალი ინფლაციის.

ცდილობენ, რომ ინფლაციის საწინააღმდეგო ზომა მიიღონ. საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ზოგადად, ანტი-ინფლაციურია.

თავისთავად, ამას მეორე, ცუდი მხარე აქვს - ეკონომიკურ ზრდას აფერხებს მაღალი საპროცენტო განაკვეთები," - ამბობს ბედინეიშვილი.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ, უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ ზრდასა და აქტივობაზე.

კომენტარები