უზენაესი სასამართლო

ჯანეზაშვილი: პროცესი არის დაგეგმილი, სავარაუდოდ, კანდიდატებმა წინასწარ იციან ვინ გავარდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა.

"ჩანს, რომ პროცესი არის ძალიან კარგად წინასწარ დაგეგმილი, ვინაიდან ამ სიაში მოხვდნენ ძალიან კონტრასტული ადამიანები. ჩემთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოახდინეს კაკაბაძის ამ სიაში მოხვედრა. გასაუბრებაზე იქცეოდა სრულიად არასერიოზულად, მე ვფიქრობ, რომ მოსამართლისთვის აბსოლუტურად შეუფერებლად. ბევრი ასეთი ადამიანი მოხვდა სხვათა შორის, მაგალითად ერემაძე. მე არ ვფიქრობ, რომ იგი იმსახურებდა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურაზე წარდგენას, ვინაიდან მაინც და მაინც დიდი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდა გასაუბრების დროსაც. ასეთები ბევრია და კონტრასტულში ვგულისხმობ იმას, რომ სავარაუდოდ ამ სიიდან რამდენიმე ადამიანი ჩავარდება, ოღონდ აქ მათ სავარაუდოდ წინასწარ იციან, რომ ჩავარდება მათი კანდიდატურა და ეს ყველაფერი იქნება ერთგვარი სპექტაკლის ნაწილი, რომ ვიღაცები დაინიშნებიან თანამდებობაზე ან ვიღაცები - ვერ", - ამბობს ჯანეზაშვილი.

ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, რა ნიშნით მიიღეს მაღალი მხარდაჭერა კანდიდატებმა. ამასთან, მისი თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც პირველ კენჭისყრაზე მიიღეს 7 ხმა, საბოლოო ჯამში კენჭისყრაზე მიიღეს 10 ან 11 ხმა.

"ის, რომ მიქაუტაძე და ის ხალხი, რომლებიც თავის დროზე კანდიდატებად იყვნენ წარდგენილნი საქართველოს პარლამენტში, მოხვდნენ ამ სიაში, ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისინი ისევ განაცხადებდნენ პრეტენზიას. მაგალითად გაბინაშვილი, ალანია, გეწაძე და სხვები. ამიტომ ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი დაამსგავსეს თეატრს, ვინაიდან ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ და პირადად ვმონაწილეობ ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის მომავალს ძალიან დიდწილად განსაზღვრავს. თუმცა, სამწუხაროა, რომ უვადოდ, შესაძლოა, დაინიშნონ თანამდებობაზე ისეთი მოსამართლები, რომლებსაც არ ექნებათ საბჭოს მხრიდან სრული ნდობა" - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ნომინირებულები არიან:

თამარ ალანია - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

მერაბ გაბინაშვილი - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

შოთა გეწაძე - 11 ხმით ერთის წინააღმდეგ;

მირანდა ერემაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

მამუკა ვასაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

მაია ვაჩაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

თამარ ზამბახიძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

შალვა თადუმაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ზაზა თავაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

ვლადიმერ კაკაბაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

გიორგი მიქაუტაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

პაატა სილაგაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ხმა გაბათილდა;

ნუგზარ სხირტლაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ნინო ქადაგიძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ლაშა ქოჩიაშვილი - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ქეთევან ცინცაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ალექსანდრე წულაძე - 10 ხმით 2-ის წინაღმდეგ;

გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

იუსტიციის საბჭოს სულ 14 წევრი ჰყავს. საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში თავადაც მონაწილეობს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მოუღია. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ანა დოლიძეც, რადგან შვებულებაშია.

მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად, სულ მცირე, 10 ხმა სჭირდებოდათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭო სწორედ 20 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები