სექსუალური შევიწროება

პრეზიდენტი გაბუნიას დანიშვნაზე: ადვოკატის ვალია მათი დაცვაც, ვისი დაცვაც შეუძლებელია

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნას კვლავაც გამართლებულად თვლის.

"მე ჩემს პოზიციას მის ამ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვამართლებ. ადვოკატის ვალია ყველას დაცვა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელთა დაცვაც შეუძლებელია. ამასთანავე, მე, რასაკვირველია, ძალიან ფხიზლად ვარ, როდესაც საქმე ეხება ჩენი გუნდის მომავალი წევრების შერჩევას" უთხრა ზურაბიშვილმა Madame Figaro-ს, რომელმაც კითხვა ზვიად დევდარიანის ადვოკატის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით დაუსვა.

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის პოსტზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 2018 წლის დეკემბერში დანიშნა. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებდნენ. ​NGO-ები იხსენებდნენ დიმიტრი გაბუნიას იმ განცხადებას, სადაც მან სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანზე თქვა - "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?". განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც "სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა".

საპარლამენტო მდივნად დანიშვნამდე დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის უფლებების დამცველი იყო. პირველ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა: "რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?"

CIDA-ს​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

"სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";

"სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";

სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";

"სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები