აშშ-ირანი

აშშ ადასტურებს, რომ ირანული ნავთობტანკერის კაპიტანს მილიონებს სთავაზობდა

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ირანული ნავთობტანკერის Adrian Darya 1-ის კაპიტანს მილიონობით აშშ დოლარს სთავაზობდნენ, რათა ტანკერი ისეთ ტერიტორიაზე შეეყვანა, სადაც აშშ მის დაკავებას შეძლებდა.

ინფორმაცია პირველად Financial Times-მა გაავრცელა. მათ მოიპოვეს სახელმწიფო დეპარტამენტში ირანის საკითხებზე სამოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ტანკერის კაპიტნისათვის სანქციების დაწესებამდე გაგზავნილი მეილი.

კაპიტანს წერილისათვის პასუხი არ გაუცია.

ფაქტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურია და აშშ ირანის ნავთობის მოსაპოვებლად შანტაჟში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანულ სატრანსპორტო ქსელს, რომელიც ნავთობის გადასატანად გამოიყენება, ახალი სანქციები დაუწესა და ნებისმიერს, ვინც მათ ოპერაციებს ხელს შეუშლის 15 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ირანული ტანკერი გიბრალტარმა დიდი ბრიტანეთის ძალების დახმარებით 4 ივლისს დააკავა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ტანკერს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა.

ამის შემდეგ, გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მათი ნავთობტანკერის დაკავების განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია, სადაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ირანის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ირანულ ტანკერში გაცვლა გამორიცხა.

ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სანამ ირანული ხომალდი ქვეყანაში დაბრუნდება ბრიტანეთმა კრიზისის გადაჭრას ხელი უნდა შეუწყოს. 4 სექტემბერს კი მათ განაცხადეს, რომ დაკავებული ხომალდის ეკიპაჟის 23 წევრიდან 7-ს გაათავისუფლებენ.

გიბრალტარმა ირანული გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღო, მას შემდეგ, რაც გიბრალტარის პრემიერმინისტრმა ფაბიან პიკარდომ თქვა, რომ თეირანისგან გარანტია მიიღო, რომ ტვირთი სირიაში არ წავა. თუმცა, მომდევნო დღეს ვაშინგტონის სასამართლომ ტანკერის დაკავების ორდერი გამოსცა. აშშ-ს ტანკერის დაკავება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიასთან კავშირის საფუძველზე სურს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მიმდინარე წელს შეიყვანეს.

გიბრალტარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ თხოვნას არ დაემორჩილებიან, რადგან ევროკავშირის კანონების ფარგლებში მოქმედებენ.

კომენტარები