გომელაური: როცა ხედავ, რომ შენს მეწყვილეს ფეხით თელავენ, იქ ... შეიძლება იყო გადაცდომები

პარლამენტი

შს მინისტრობის კანდიდატის, სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა, ძალიან ცუდია, თუმცა, ისე არ უნდა წარმოჩინდეს, რომ დამნაშავეები მხოლოდ სამართალდამცველები არიან. 

"რაც შეეხება 20 ივნისის თემებს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, ძალიან ცუდია. თუმცა, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ცუდია ორივე მხარეს, როგორც მოქალაქეები დაზარალდნენ, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა. მხედველობა დაკარგა ერთ თვალში საერთოდ და მეორეში პროცენტები დარჩა პოლიციის თანამშრომელს.

ძალიან ცუდია, რომ მოქალაქეები - ახალგაზრდა გოგონა, რამდენიმე ადამიანს კიდევ თვალი დაუზიანდა, ერთმა ხელი მოიტეხა თუ ნეკნი თუ რაც იყო. ძალიან რთული თემა მოხდა ნამდვილად. ძნელი იყო კონტროლი, რომ ასე ვიზამდი და ის ისე იზამდა. რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი სრულდება, ადვილია საუბარი, ასე რატო არ ქნეს, ისე რატო არ ქნეს. მე 26-ე წელია, ვმუშაობ და როცა ხედავ, რომ შენს მეწყვილეს ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაყავს და უკაცრავად და ფეხით თელავენ, აგლეჯენ ჩაფხუტებს და ფორმას და ცემენ, ის ადამიანი იქ - შეიძლება გადაცდომები იყო და რა თქმა უნდა, იყო და პროკურატურა და სასამართლო არსებობს და მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, თუ გადაცდომა იქნება, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მაგრამ ის, რომ მოქალაქეები მართლები იყვნენ ყველა და მარტო პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება ასე მივუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, რიგითით დაწყებული მინისტრით დამთავრებული, მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა, თორემ ალბათ მართლა 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი საქართველო", - თქვა გომელაურმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივსუწოდებს და გახარაიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები