ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის ზრდა წელს 2%-ია — რეალურად ტურისტული ნაკადი წელს 8%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრო

საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრის კანდიდატმა ტურიზმის მიმდინარე ტენდენციაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ წელს სამინისტროში ტურისტული ნაკადის 20%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა სურათი შეცვალა და ზრდა მხოლოდ 2%-ია.

"წინა წელს ტურისტული ნაკადის ზრდა 20% იყო. წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს ველოდით, მაგრამ 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც რევანშისტულად განწყობილი უპასუხისმგებლო ძალების მიერ იყო ინსპირირებული, ტურიზმის აღმავალი ტენდენცია რადიკალურად შეცვალა. უკვე ივლისში ჩვენ მოგვიწია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართველომ 60 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა და ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანობაში შვიდი თვის ტურიზმის ზრდის მაჩვენებლები რადიკალურად შემცირებულია და 2%-ით არის გაზრდილი, ნაცვლად 20 პროცენტისა, რასაც ველოდით", — განაცხადა ნათია თურნავამ.

განსხვავებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემები. უწყების გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ტურისტული ნაკადის ზრდა 8%-ია. შედარებისთვის, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2, 498 751 შეადგინა, წელს იგივე მაჩვენებელი წელს 2,697 624-ია.

თითქმის ამდენითვე, 7,8%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც. 2018 წელი — 4,600 988, 2019 წელი — 4,961 918. ასევე, 7%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებიც, 2018 წელი — 3,846 036, 2019 წელი — 4,111 935. 

თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა დროულად ჩაერთო ანტიკრიზისული ზომებით და მოხერხდა უარყოფითი ეფექტის ნაწილობრივი ნეიტრალიზაცია, თუმცა სრულად ნეიტრალიზაცია შეუძლებელია, რადგაანაც დაზარალდა მომიჯნავე სფეროები.  თურნავას თმით, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები ჩვენი ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი და უფრო ხელშესახები იქნებოდა.

2018 წელს ტურისტული სექტორიდან შემოსულმა თანხამ რეკორდული 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ მაჩვენებლით ტურიზმის სექტორზე საქართველოს მშპ-ს 7,6% მოდის.

კომენტარები