ლარის გაცვლითი კურსი

მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს ლარს გამყარების ტენდენცია ექნება

საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის გაუფასურების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მაჭავარიანმა ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად საგარეო შოკი დაასახელა. 

ლარის კურსზე საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გარდა, ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითად მოქმედებს, რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარებაც. მაჭავარიანის თქმის, რეგიონში კარგი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ სომხეთს აქვს, ხოლო საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში რეცესიას და ეკონომიკის შემცირებასაც კი პროგნოზირებენ. 

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ფიქსირებული კურსი, საგარეო შოკების მიმართ გაცილებით უფრო მოწყვლადია, ვიდრე მცურავი კურსი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. მაჭავარიანის თქმით, ქვეყანა დღეს ძლიერი საგარეო შოკის წინაშეა და ეს პირველ რიგში ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს. 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ლარის კურსზე გავლენას ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს, ერთი რეალური შემოსავლების კლება უცხოურ ვალუტაში, როდესაც ივლისში ტურისტულმა ინდუსტრიამ 60 მილიონი დოლარი იზარალა და უარყოფითი მოლოდინები, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ წარმოიშვა.

ამასთანავე, მაჭავარიანი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. "დარწმუნებული ვარ წლის ბოლოს ლარს გამყარების ტენდენცია იქნება", — განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები