სამთავრობო ცვლილებები

ენმ ითხოვს, ფრაქციის სხდომას, რომელსაც მთავრობა ესწრება, მოქალაქეებიც დაესწრონ

თინა ბოკუჩავა და გიორგი გახარია
ტაბულა

ენმ-ის ფრაქციის სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარტია ითხოვს, სხდომას 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები დაესწრონ. 

სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. ამასთან, ენმ-ის დეპუტატებმა მაკო გომურისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის საშვები დაუშვა, თუმცა, პარლამენტის დაცვა "პროგრამის გაჭედვას" იმიზეზებს და მათ შენობაში არ უშვებს. 

სამთავრობო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ 3 სექტემბერს დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება. თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი. ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება. 

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებას 8 სექტემბერს გეგმავს, იქამდე კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენს. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები