სამთავრობო ცვლილებები

ენმ მაკო გომურის სხდომაზე შეშვებას ითხოვდა, ის პარლამენტთან არ იყო - როგორ ხსნიან მომხდარს

პარლამენტი

20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური, რომლის პარლამენტში შეშვებასაც ენმ ითხოვდა, იქ არ იმყოფებოდა. 

ენმ-მ​ დღეს პროტესტის ნიშნად გახარიას მოსმენა შეწყვიტა. პარტია ითხოვდა, სხდომას 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები დასწრებოდნენ, თუმცა, სხდომის შეწყვეტის შემდეგ გაირკვა, რომ გომური პარლამენტთან საერთოდ არ ყოფილა. 

სხდომაზე სალომე სამადაშვილმა თქვა: 

"ქვემოთ დგანან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მაკო გომური, რომელზეც არის დაშვებული საშვი, რომ კანონიერად, როგორც მას ეს ეკუთვნის, შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში და დაესწროს სხდომას. გამეცით პასუხი, აქვს თუ არა მას უფლება, კანონით დაშვებული მოთხოვნების დაცვით საქართველოს პარლამენტში". 

მის ამ განცხადებას გიორგი გახარიამ პირდაპირ არ უპასუხა, რის გამოც სამადაშვილმა მას საუბარი შეაწყვეტინა და სხდომის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ სხდომის ჩაშლის შემდეგ დააზუსტა, რომ ისინი აქცია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განხადებას დაეყრდნენ, რომლის მიხედვითაც, მათ ჰქონდათ საშვები დაშვებული, მათ შორის მაკო გომურის სახელზეც. 

"მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ენმ-ის ფარაქციის სხდომა და ჩვენ კითხვებს ვუსვამდით პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ჯალათ გიორგი გახარიას, რომელიც ნორმალურ ქვეყანაშ ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს, აქცია სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ დაშვებული საშვები პარლამენტში, მათ შორის მაკო გომურის სახელზეც და მათ არ ეძლეოდათ პარლამენტის შენობაში შემოსვლის საშუალება. ასე რომ, ჩვენ დავეყრდენით აქცია სირცხვილიას ორგანიზატორის მიერ გავრცელებულ განცხადებას და ცუდია, თუ მოხდა ასეთი გაუგებრობა", - თქვა ბოკუჩავამ. 

აქცია "სიცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს აწყობენ, ამბობენ, რომ მათ საშვები აქციის მონაწილეთა უმეტესობაზე დაუშვეს. მათივე თქმით, იციან, რომ დაცვა პარლამენტში მაინც არ შეუშვებდა, ამიტომ მაკო გომური არ შეაწუხეს და პარლამენტთან მოსვლა არც უთხოვიათ. 

"სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა: 

"მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა "სისტემამ გაჭედა", კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს". 

 

კომენტარები