ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბარი - 10 სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტს 7 ახალი მიმართულება ემატება

Jam News

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულება დაემატება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბაზელის (შვეიცარია), ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბარის (იტალია) და პოზნანის (პოლონეთი) მიმართულებით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

"არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Wizz Air 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად 7 ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება დაამატა - ბოლონიისა და კიოლნის.

ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორჯერ,
სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, Wizz Air- უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი შემოვიდა. Ryanair-ი ნოემბრიდან ქუთაისი ბოლონია, ქუთაისი მარსელის და თბილისი მილანის, ხოლო 2020 წლის აპრილიდან,  თბილისი-კიოლნის რეისებს შეასრულებს. Ryanair-ი 2020 წლის ბოლომდე ჯამში 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს.

კომენტარები