ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია: თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, რას ქვია ფული არ მქონდა?

"ბინა გაყიდა და ფული არ ქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა?", - ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ დღეს, 6 სექტემბერს, საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა და რომლის მიხედვითაც გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავებიან.

გვარამიას თქმით, გაყიდვის მიზეზი უფრო დიდი ბინის შეძენა იყო, რაც მან ვერ მოახერხა.

"ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე", - წერს გვარამია საკუთარ Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას, რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას და ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს რ2-სი საქმეზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

მანამდე, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები