სამთავრობო ცვლილებები

გახარია მიიჩნევს, რომ კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომის მიუხედავად, მოქალაქეების მხრიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნა სამართლიანი არ იყო. თუმცა, გახარია აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე მოქალაქეების პროტესტი სამართლიანი იყო.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატ ოთო კახიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

ოთო კახიძე: თვლით თუ არა, რომ სპონტანურად გამოსული მრავალათასიანი მოქალაქეები გამოხატავდნენ სამართლიან პროტესტს და იყვნენ სამართლიანად აღშფოთებულები იმ სურათის გამო, რაც ვიხილეთ ამ დარბაზში, როცა სპიკერის სკამზე ვიხილეთ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი. იყო თუ არა ეს სამართლიანი პროტესტი?

გიორგი გახარია: დიახ, იყო

ოთო კახიძე: პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა იყო სამართლიანი?

გიორგი გახარია: არა

ოთო კახიძე: აბა რატომ გადააყენეთ კობახიძე?

გიორგი გახარია: ეს იყო ბატონი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე

ოთო კახიძე: თქვენი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირიქით, დაგვიანებულიც კი იყო კობახიძის გადადგომა, უფრო ადრე უნდა გადამდგარიყოო

გიორგი გახარია: ​ეს ალბათ თქვენ ამბობთ ასე, მე ჩემი გუნდის ასეთი ინტერპრეტაცია არ გამიგია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს ფრაქციების შეკითხვებს პასუხობს.

ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით, კითხვები არ შეეხება მთავრობის პროგრამას, რადგან, სერგი კაპანაძის თქმით, "ეს ერთ დღეში დაწერილი დოკუმენტია". დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრას აკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებიც 80 დღეა რუსთაველზე დგანან და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გიორგი გახარიას პატივს სცემენ ან პროფესიულად, ან ადამიანურად.

კომენტარები