20 ივნისის ღამე

გახარია 20 ივნისზე: ჩვენი კანონმდებლობით, არ ხდება ჟურნალისტების რაიმე სახით იდენტიფიცირება

ლიბერალი

კითხვაზე, 20 ივნისის ღამეს იყო თუ არა მითითება, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები, პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია პასუხობს, რომ "ჩვენს კანონმდებლობაში არ ხდება მასობრივი ღონისძიების დროს ჟურნალისტების რაიმე სახით იდენტიფიცირება". ევროპულ საქართველოსთან შეხვედრისას გახარიამ თქვა, რომ გამიზნულად არც ერთი ჟურნალისტისთვის არ უსროლიათ.  

"ადამიანს რომ კამერა და მიკროფონი უჭირავს, ამის იდენტიფიცირება არ ხდება? ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, იყო თუ არა გადაწყვეტილება, რომ მათ შორის, გამოეყენებინათ ჟურნალისტების წინააღმდეგ"? - ჰკითხა ყოფილ შს მინისტრს სერგი კაპანაძემ, რაც გიორგი გახარიამ უარყო. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ 20-21 ივნისის ღამეს 30-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, შემთხვევითობაა.

სერგი კაპანაძემ იკითხა, თუ გასცა მითითება, რომ აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებისთვის არ ესროლათ, რაზეც გიორგი გახარიამ თქვა - "მითითება იყო კონკრეტული, რომ ჟურნალისტებს მოპყრობოდნენ მაქსიმალურად... არ მინდა ახლა ეს სიტყვა გამოვიყენო, რა თქმა უნდა, იყო ასეთი მითითება".

კითხვაზე, გასცა თუ არა ეს მითითება წერილობით, პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ შეუძლებელია, ეს წერილობით ყოფილიყო.

"როგორ? ხუმრობთ?" - მიმართა გახარიამ კაპანაძეს. მისივე მტკიცებით, "თქვენ მიერ მოწყობილი აქცია ათი საათის შემდეგ გადაიზარდა ჩვეულებრივ შტურმში, რომელსაც პოლიცია ითმენდა ორი საათი".

ამ ფრაზის შემდეგ, სერგი კაპანაძემ პრემიერობის კანდიდატს გამოსვლა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ტყუის და 20 ივნისის აქცია მათი მოწყობილი არ იყო.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, ხოლო 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

კომენტარები