სამთავრობო ცვლილებები

გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე: გაფრთხილება საჭირო არ იყო

პარლამენტი

გიორგი გახარიას თქმით, 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლამდე გაფრთხილება საჭირო არ ყოფილა, თუმცა, შსს-მ მოქალაქეები "რაღაც შემთხვევაში გააფრთხილა, რაღაც შემთხვევაში არა". 

პრემინისტრობის კანდიდატმა, ყოფილმა შს მინისტრმა ეს ევროპული საქართველოს ფრაქციის სხდომაზე თქვა. 

ელენე ხოშტარია: საჭირო არის თუ არა მიტინგის დაშლის წინ ადამიანების გაფრთხილება ამის შესახებ?

გიორგი გახარია: შემდეგი.

ელენე ხოშტარია: კი თუ არა, მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. 

გიორგი გახარია: გააჩნია შემთხვევას. 

ელენე ხოშტარია: ანუ თქვენ არ იცნობთ კანონს პოლიციის შესახებ და კანონს შეკრების და მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მომიტინგეების გაფრთხილება. არ იცნობთ ამ კანონს? და თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენ გაქვთ ინტერპრეტაციის საშუალება? 

გიორგი გახარია: არ მაქვს ინტერპრეტაცია

ელენე ხოშტარია: ანუ უნდა იყოს გაფრთხილება თუ არ უნდა იყოს, შეგიძლიათ კონკრეტულად უპასუხოთ? 

გიორგი გახარია: გააჩნია შემთხვევას

ელენე ხოშტარია: გასაგებია, ე.ი თქვენ მიგაჩნიათ, რომ გააჩნია შემთხვევას და ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევთ საკუთარ თავს. 

გიორგი გახარია: რა თქმა უნდა

ელენე ხოშტარია: ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ აძლევთ თქვენ თავს პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლი, ასევე შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევის და თქვენ როგორც მოგინდებათ, ისე გამოყენების საშუალებას. 

გიორგი გახარია: არა, ქალბატონო ელენე, არსებობს გადაუდებელი მოგერიების აუცილებლობა, რომელიც აძლევს პოლიციელს, პოლიციის კანონის შესაბამისად, საშუალებას, გამოიყენოს სპეციალური აღჭურვილობა. კანონი უკეთესად უნდა წაიკითხოთ. 

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს იყო თუ არა ადამიანების გაფრთხილების აუცილებლობა, რომ დაგეთხარათ მათთვის თვალები, ცოტა ემოციურად რომ ვისაუბროთ. 

გიორგი გახარია: იმ შემთხვევაში, როცა 300 პოლიციელს გასტაცეს ფარი, როცა 30 პოლიციელი, თქვენი მოწოდებით გაიტაცეს ბრბოში და რომლებსაც სცემდნენ, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება... არ გადამრიოთ.. ჰქონდათ უფლება, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალება. 

ელენე ხოშტარია: მოვლენების აღწერის გარეშე, 20 ივნისს, იყო თუ არა საჭირო გაფრთხილება. 

გიორგი გახარია: არა

ელენე ხოშტარია: მაშინ რატომ ატყუებდით საზოგადოებას, თუნდაც 11 ივლისს, ინგა გრიგოლიას ეთერში, რომ არა თუ ეს გაფრთხილება საჭირო იყო, არამედ ეს გაფრთხილება მოხდა. 

გიორგი გახარია: რა თქმა უნდა. წინააღმდეგობას სად ხედავთ, ვერ ვხვდები. ქალბატონო ელენე, არსებობს ბევრი სხვადასხვა სპეციალური საშუალება...

ელენე ხოშტარია: ზოგადად არ მაინტერესებს, კონკრეტულად გეკითხებით, 20 ივნისს იყო თუ არა გაფრთხილების საჭიროება და გააფრთხილეთ თუ არა. 

გიორგი გახარია: რაღაცა შემთხვევაში გავაფრთხილე, რაღაცა შემთხვევაში არა. 

ელენე ხოშტარია: ანუ საჭირო არ იყო და მაინც გააფრთხილეთ?

გიორგი გახარია: ცირკში ვართ? არსებობს ბევრი სხვადასხვა სპეცსაშუალება, რომელიც იყო გამოყენებული. გარკვეული სპეცსაშუალებების შემთხვევაში გაფრთხილება მოხერხდა, მაგალითად, წყლის ჭურვის, გაზის გამოყენების შემთხვევაში მოხერხდა, მაგრამ.. 

ელენე ხოშტარია: ანუ დაშლის წინ თქვენ ადამიანები გააფრთხილეთ თუ არა

გიორგი გახარია: კი, გავაფრთხილე 

ელენე ხოშტარია: როდის მოხდა ეს გაფრთხილება?

გიორგი გახარია: რამდენჯერმე მოხდა,ბევრჯერ. 

ელენე ხოშტარია: მაშინ იცით რა მაინტერესებს? თქვენ რომ ამბობთ, რომ მოხდა გაფრთხილება, თქვენი მოადგილე 15 ივლის აცხადებს, რომ ასეთ დროს გაფრთხილებას აზრი არ აქვს. გამაგებინეთ საბოლოო ჯამში, ჩამომიყალიბეთ აზრი. ან ბატონი საბანაძე ატყუებს საზოგადოებას, რომ აზრი არ ჰქონდა გაფრთხილებას თუ აზრი არ ჰქონდა და მაინც გააფრთხილეთ. 

ელენე ხოშტარია: მე ძალიან კარგად ვიცი, ბატონო გიორგი, რა მოხდა. საზოგადოებას აინტერესებს, რომელსაც ხან ერთს ეუბნებით და ხან მეორეს, გააფრთხილეთ თუ არა და თუ ამბობთ, რომ გააფრთხილეთ,  ბატონი საბანაძე, თქვენი მოადგილე, რატომ იძახის, რომ ამ დროს გაფრთხილებას აზრი არ ჰქონდა. 

გიორგი გახარია: იმ დროს, როცა მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, მაშინ გაფრთხილებამ იმუშავა და მოქმედებდა და ასეთი გაფრთხილება იყო. საერთო ჯამში რამდენჯერმე მოხდა გაფრთხილება, მათ შორის მედია საშუალებებითაც. იმ შემთხვევაში, როცა გაზი იყო გამოყენებული, მაშინაც მოხდა გაფრთხილება. იმ შემთხვევაში, როცა კონტაქტი შტურმის დროს იყო ძალიან ახლო და ზოგ შემთხვევაში პოლიცია იყო იძულებული, გამოეყენებინა რეზინის ტყვია, მაშინ გაფრთხილება ვერ მოხერხდა. ასეთი ვალდებულება, მაშინ როცა იყო აუცილებელი მოგერიების პირობები, არ არსებობდა და პოლიციის შესახებ კანონი პოლიციას ამის საშუალებას აძლევს. წერტილი. 

ელენე ხოშტარია: ბატონო გიორგი, იქ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა და მათ შორის, თქვენი მოადგილე, ასევე ქალაქის მერი ამბობდა, რომ დიახაც გაფრთხილება არ ყოფილა, იმიტომ რომ ამის ვალდებულება არ გვქონია. გაგვაგებინეთ მოქალაქეებს, რომლებიც იქ იდგნენ, რომლებიც დაზარალდნენ, დაკარგეს თვალი და ა.შ, კალაძე იტყუება თუ თქვენ, თორემ ჩვენ კი ვიცით იქ ადგილზე, რა გავიგეთ და რა არ გავიგეთ. 

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აქ ჩამოვედით, არის ის, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც დაზარალდნენ, გაიგონ, უმაღლესი თანამდებობის პირები ეუბნებიან ხან იმას, რომ გაგაფრთხილეთ, ხან იმას, რომ არ იყო საჭირო, ხან იმას, რომ ტელევიზიით გაგაფრთხილეთ, ახლა საერთოდ ახალი ვერსია მოვისმინეთ, რომელ მომენტში იტყუებით და რატომ იტყუებით, კიდევ ახალ ვერსიებს იგონებთ ახლა აქ. 

გიორგი გახარია: კიდევ იტყუებით, იმიტომ რომ როდესაც გპასუხობთ, არ გინდათ, შინაარსი გაიგოთ. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები