სამთავრობო ცვლილებები

გახარია თქმით, არ იცის ვინ დააყენა სპეცრაზმი 20 ივნისს პარლამენტის შესასვლელის გარე მხარეს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ არ იცის 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარეთა მხარეს ვისი განკარგულებით განათავსეს სპეცდანიშნულების რაზმი. მთავრობის მეთაურობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანის არც ვინაობა იცის და არც თანამდებობა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატ ოთო კახიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

გთავაზობთ გახარიას და კახიძის კითხვა-პასუხის ამ ნაწილს სრულად:

ოთო კახიძე: პარლამენტის რკინის ღობის წინ, ცენტრალურ შესასვლელთან, ფასადის მხარეს, თქვენი დანაყოფები იყვნენ გარეთ გამოყვანილი?

გიორგი გახარია: კი, საქართველოში არსებობს ერთი პოლიცია, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია.

ოთო კახიძე: გადაწყვეტილება, რომ ეს დანაყოფები ღობის გარეთ გამოგეტანათ, თქვენ მიიღეთ, როგორც მინისტრმა? ეს განკარგულება თქვენ გაეცით?

გიორგი გახარია: რა განკარგულება?

ოთო კახიძე: რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი დაგეყენებინათ პოლიციის ღობის წინ, სამართლიანად აღშფოთებული, მრავალათასიანი აქციის პირისპირ

გიორგი გახარია: ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, რომელიც არსით მდგომარეობდა იმაში, რომ არც ერთ პოლიციელს, არც ერთი ნაბიჯი პარლამენტის შენობის პერიმეტრის მიღმა, სანამ არ დაიწყო პარლამენტის შტურმი, არ გადაუდგამს. ღობის გარეთ იდგნენ ისინი თუ ღობის შიგნით, ამას არანაირი პრინციპული და სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს

ოთო კახიძე: თუნდაც ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, რომ პოლიციელები ღობის წინ გამოგეყვანათ, თქვენ მიიღეთ, ბრძანება თქვენ გაეცით?

გიორგი გახარია: მინისტრი ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს, ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება

ოთო კახიძე: ვის ემორჩილებოდნენ ეს დანაყოფები და განკარგულება ვინ გასცა?

გიორგი გახარია: მათ ჰყავთ შესაბამისი ხელმძღვანელობა, ვინც გასცა ეს განკარგულება

ოთო კახიძე: ეს შესაბამისი ხელმძღვანელობა ვინ არის ბატონო გიორგი, სახელი, გვარი, თქვენი თანამშრომელი იქნება

გიორგი გახარია: არ ვიცი ზუსტად, სახელი და გვარი არ ვიცი

ოთო კახიძე: თანამდებობა?

გიორგი გახარია: არ ვიცი, შეიძლება იყო მოადგილე, შეიძლება იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თქვენ მეკითხებით იმას, ამ ხაზზე რატომ იდგნენ და ერთი ნაბიჯით წინ ან ერთი ნაბიჯით უკან რატომ არ იდგნენ?

ოთო კახიძე: რატომ იდგნენ არ მიკითხავს, ჩემი კითხვა იყო, ვინ მიიღო გადაწყვეტილება

გიორგი გახარია: რატომ არ მეკითხებით, ახლა გარეთ რატომ დგას პოლიცია? როგორ ფიქრობთ ბატონო ოთარ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, დღეს ღობის გარეთ რომ დგას პოლიცია?

ოთო კახიძე: როდესაც მრავალათასიანი, სამართლიანად აღშფოთებული ჩვენი მოქალაქეების სპონტანური აქცია იმართება, როდესაც ითხოვენ პარლამენტის სპიკერის გადადგომას, რომელსაც დაგვიანებულს უწოდებდნენ თქვენი გუნდის წარმომადგენლები და მათ, ამ მოქალაქეებს, არ უკმაყოფილებთ მოთხოვნებს და წინ, მათ პირისპირ აყენებთ სპეცდანიშნულების რაზმს, ეს გაამწვავებდა და დაძაბავდა უფრო ვითარებას თუ ხელს შეუწყობდა განმუხტვას?

გიორგი გახარია: ​​ეს არის აბსოლუტურად შეფასების თემა. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება და ის გაარკვევს, გაამწვავებდა თუ შეამსუბუქებდა

ოთო კახიძე: გამოძიება რომ მიმდინარეობს და გამოძიების პროცესში შესაძლო ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს რომ პრემიერმინისტრად გვიწინაურებენ, ეს სხვა საკითხია, ბატონო გიორგი. თქვენ გისვამთ ერთ ძალიან მარტივ კითხვას - პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის დაყენება სამართლიანად აღშფოთებული, სპონტანურად გამოსული მოქალაქეების პირისპირ, სიტუაციას, თქვენი, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატის და მაშინ ამ ოპერაციის ხელმძღვანელის შეფასებით, განმუხტავდა ვითარებას თუ გაამწვავებდა?

გიორგი გახარია: გიპასუხებთ, თუ დამასრულებინებთ. დრო ბევრი გვაქვს. თუ ამ აქციის ორგანიზატორები, პოლიტიკოსები, მათ შორის დეპუტატები მოიქცეოდნენ პასუხისმგებლიანად და არ მოუწოდებდნენ რიგით მოქალაქეებს მომიტინგეებს, მშვიდობიანებს, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მაშინ განმუხტავდა, იმიტომ, რომ... დამასრულებინეთ, რატომ არ გინდათ იმის მოსმენა, რაც თქვენს აზრს არ ექვემდებარება? თუ მაგალითად, ბატონი მელია, ბატონი რატიანი და ყველა, ვინც იქ იყავით, არ მოუწოდებდა მოქალაქეებს ან მოუწოდებდა მათ სიმშვიდისკენ...

ოთო კახიძე: სპონტანურად გამოსული მრავალათასიანი აქციის წინ პოლიციის კორდონი არ უნდა ჩააყენო, თან თუ მათ მოთხოვნებს არ უკმაყოფილებ, ისინი არიან გაღიზიანებულნი და გაბრაზებულნი სამართლიანად, როგორც თქვენ აღნიშნავთ. თუ მათ პოლიციის კორდონს წინ დაუყენებთ, ეს ზრდის დაძაბულობის ალბათობას და ჩვენი კითხვების არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებამ შეაფასოს, მაშინ რამდენად ადეკვატურად მოიქეცით და ახლა, ამდენი დრო რომ გავიდა, იქნებ რაღაც გადააფასეთ, იქნებ ახლა მაინც ჩათვალეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ღობის წინ პოლიციელების დაყენება, რამაც განაპირობა სინამდვილეში დაძაბულობის ზრდა. ვიღაცების მოწოდებამ კი არა, აი, გვარი რომ არ გახსოვთ, იმისმა გადაწყვეტილებამ, რაც თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამან განაპირობა დაძაბულობის ზრდა და ის, რომ ახალგაზრდებს თვალები არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ევროპული საქართველოს ფრაქციების შეკითხვებს პასუხობს.

ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებით, კითხვები არ შეეხება მთავრობის პროგრამას, რადგან, სერგი კაპანაძის თქმით, "ეს ერთ დღეში დაწერილი დოკუმენტია". დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრას აკეთებენ მხოლოდ იმ ადამიანების პატივისცემის გამო, რომლებიც 80 დღეა რუსთაველზე დგანან და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გიორგი გახარიას პატივს სცემენ ან პროფესიულად, ან ადამიანურად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები