სამთავრობო ცვლილებები

გახარია 20 ივნისზე: გამოვიყენეთ იმდენი ტყვია, რამდენიც იძულებული ვიყავით, დაახლოებით 800

პარლამენტი

გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის ღამეს გამოყენებული იქნა ზუსტად იმდენი ტყვია, რამდენიც ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გამოეყენებინათ, შესაბამისად, დაახლოებით 800 ტყვია.

სერგი კაპანაძე: რამდენი ტყვია იქნა გამოყენებული არ ოპერაციის დროს?

გიორგი გახარია: ზუსტი ციფრი არ მახსოვს, იყო გამოყენებული ზუსტად იმდენი ტყვია, სამწუხაროდ, რამდენიც იძულებული გავხდით, რომ გამოგვეყენებინა.

სერგი კაპანაძე: და რამდენი იყო, 100, 200, 300, 1000?

გიორგი გახარია: თუ არ ვცდები, დაახლოებით, 800.

სერგი კაპანაძე: ეს ინფორმაცია თქვენ გაასაჯაროვეთ? რამდენიმე ორგანიზაციამ მოითხოვა და არ მიუღია პასუხი.

გიორგი გახარია: მე არ ვიცი ვინ მოითხოვა, არ ვარ ამაზე ინფორმირებული.

სერგი კაპანაძე: ანუ, 800 ტყვია გამოიყენეს.

გიორგი გახარია: ბატონო სერგი, კითხვის დასმის ფორმატი არის თქვენი ფორმატი. ნება მიბოძეთ პასუხის გაცემის ფორმატი როგორმე ავირჩიო მე. დამასრულებინეთპასუხი.

სერგი კაპანაძე: ასე, მივიღე პასუხი და გადავდივართ სხვა კითხვაზე. ნუ ბრაზობთ, ბატონო გიორგი და ნუ ნერვიულობთ, თქვენზე გაცილებით ბევრადაა გაბრაზებული ხალხი, მაგრამ ამას არ გამოხატავს, ჩარჩოში მოაქციეთ თქვენი ქცევა.

გიორგი გახარია: თქვენზე? თქვენზე როგორ უნდა გავბრაზდე.

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

კომენტარები