სამთავრობო ცვლილებები

ცქიტიშვილი: ჩემი ღიმილის მიზეზი ენმ იყო, ეს იყო კლოუნადის ნაწილი

ვიცე პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ენმ-ის ფრაქციის სხდომაზე, აქციის დარვების კადრების ყურებისას თავისი ღიმილის მიზეზი ახსნა. 

მისი თქმით, ის ენმ-ის უსუსურობის გამო იცინოდა, კლიპის "გახარიას უხარია" ჩვენება კი იმ სპექტაკლის და კლოუნადის ნაწილია, რომელიც ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი ევროპულმა საქართველომ დადგეს. 

"ძალიან დასანანია, როცა ასეთი სახის ინტერპრეტირება ეძლევა ამას ყველაფერს. ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია და ეს კადრები ჩვენ ვნახეთ, პირველ რიგში, 20-21 ივნისის ღამეს და მას შემდეგაც გვქონდა არაერთი საშუალება, გვენახა, მათ შორის, შტურმის კადრებიც. მთლიანად ეს რამე, თელი ეს მოვლენები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან ტრაგიკულია მთლიანობაში. 

რაც შეეხება ჩემს ღიმილს, ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის ქმედება, ნაციონალური მოძრაობის ქმედება, რომელსაც აღარაფერი აღარ დარჩენია, იმდენად უსუსური, იმდენად სასაცილო, არ ვიცი, როგორ ავხსნა, იმდენად უსუსურად გამოიყურება, როცა მათ პოლემიკაში შესვლის საშუალებაც არ აქვთ. აღარ დარჩათ არაფერი სალაპარაკო და ნაცვლად იმისა, რომ როცა სხდომის წამყვანი წარსდგა სიტყვით, რომ ის აპირებს კითხვებით წარსდგეს, ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ მუსიკალურ კლიპს, რომელიც არის სპექტაკლის, კლოუნადის ნაწილი, რომელიც დადგა ჯერ ნაციონალურმა მოძრაობამ და შემდეგ ევროპულმა საქართველომ. ეს არის მათი ხელწერა, რომელსაც ესენი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმართავდნენ, ამ მოდელირებული საქართველოს შექმნა, ამ ვირტუალური საქართველოს შექმნა, რომელშიც ისინი ჯერ ჩვენ გვაცხოვრებდნენ უამრავი წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც ეს რეალობა დაანახონ", - თქვა ცქიტიშვილმა. 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში, სადაც ფრაქცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კითხვებს უსვამს, სიმღერა "გახარიას უხარია" გაუშვა. 

სიმღერა 20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევის შემდეგ ტატო რუსიამ დაწერა. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები