ქართული ოცნება

წულუკიანი მაკო გომურის კითხვის პასუხზე : მე მაკმაყოფილებს ბატონი გახარიას პასუხი

ტაბულა

ევროპულ საქართველოსთან პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოსმენის დასრულების შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გიორგი გახარიასთვის დასმულ მაკო გომურის კითხვაზე ჰკითხა, დააკმაყოფილა თუ არა ის მაკო გომურის კითხვაზე გახარიას პასუხმა და თავად რას უპასუხებდა ამ შეკითხვას.  

"მე მაკმაყოფილებს ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს არავითარი პრობლემა უშუალოდ, პირისპირ შეხვდეს მაკო გომურს და მისი კითხვები შუამავლების და მით უმეტეს, ასეთი უღირსი, უღირსი შუამავლების მეშვეობით იურთიერთოს ამ მოქალაქესთან, რომელიც 20 ივნისს დაზიანდა," - განაცხადა წულუკიანმა.

ტაბულას ჟურნალისტმა წულუკიანს შეახსენა, რომ მაკო გომურთან "შუამავლების" შეხვედრის შესახებ მზაობა გახარიამ მოსმენის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოთქვა.

"ეს იყო პასუხი მედიასთან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სხდომის თავმჯდომარე ბატონი კაპანაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიკროფონს უთიშავდა", - თქვა მინისტრმა. 

ტაბულას ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ჰკითხა თავადაც ასე უპასუხებდა თუ არა აღნიშნულ შეკითხვას.

"მე მომწონს ის პასუხი, რომ ადამიანს, მინისტრს და მომავალში პრემიერმინსტრს არ აქვს პრობლემა, რომ დაზიანებულ მოქალაქეს პირისპირ შეხვდეს და მის კითხვებს ამგვარი უღირსი შუამავლების გარეშე გასცეს პასუხი," - აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 6 სექტემბერს, გამართულ ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა. პასუხად გახარიამ თქვა:

"ეს კითხვა არ ყოფილა, ეს შეფასება იყო. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის".

ევროპულ საქართველოსთან მოსმენის დასრულების შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა გახარიას მაკო გომურის უპასუხოდ დატოვებული შეკითხვა გაუმეორა. საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ არ მიეცათ პასუხის გაცემის საშუალება და ის მაკო გომურს პირადად გასცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს.

"მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესაა ჩემი პოზიცია", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას.

კომენტარები