საქართველო-რუსეთი

მდინარაძე რუსეთთან დიალოგზე: ყველაფერი, რაც დეოკუპაციას დააჩქარებს, შეიძლება განიხილოს

ტაბულა

უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება, ამ ეტაპზე არ განიხილება. მისი თქმით, ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, მოსალოდნელია მხოლოდ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები მოიწონებენ.

"დეოკუპაცია არის შეუქცევადი პროცესი. გამორიცხულია სხვანაირად, გამორიცხულია ვიფიქროთ საომარ რიტორიკაზე და ომის გზით საკითხის გადაჭრაზე. ეს არ არის ის გზა, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ ფორმატზე, რომელიც დეოკუპაციას მოახდენს ამ ქვეყანაში. რუსეთთან დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი, დღეს ამ საკითხზე განხილვა არ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩაჯდება ქვეყნის ინტერესებში და დეოკუპაციას კიდევ უფრო დააჩქარებს, შეიძლება იყოს განხილული",- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღეს, პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის და სოციალ-დემოკრატების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა. პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გახარიას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჟენევის და კარასინ-აბაშიძის ფორმატი კარგია, თუმცა, საკმარისი არ არის. 

გიორგი გახარიამ, პასუხად თქვა, რომ სანამ არსებული ფორმატი არ ამოიწურება, ახალ ფორმატებზე საუბარი ნაადრევია. 

"პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ამ ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან, რა თქმა უნდა აქ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ ყველაფერი, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული და აქ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ"- თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა. 

კომენტარები