სირცხვილია

პატრიოტთა ალიანსში ცრუობენ, რომ კვიციანს კონტრაქციისკენ მოწოდება არ გაუკეთებია

"ეს არ არის ემზარ კვიციანის სიტყვები, მას მიაწერეს ეს სიტყვები" - უთხრა ტაბულას პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ. ის კატეგორიულად უარყოფს ემზარ კვიციანის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 16:00-ზე პარლამენტთან "სირცხვილიას" კონტრაქცია იგეგმება.

"ეს დეზინფორმაცია ეკუთვნით იმ ძალებს, ვისაც უნდა, ჩვენი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და არა სპორტის სასახლეში. ჩვენი მასშტაბური, დიდი აქცია გაიმართება სპორტის სასახლეში" - ამბობს თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ ემზარ კვიციანმა პარლამენტის წინაც მოუწოდა "პატრიოტებს" შეკრებისკენ, რაც მისი მხრიდან ძალადობის და გინების ამსახველ ვიდეოკადრებშიც ჩანს. შემდეგ კი, მიმართვა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ამ დროისთვის, პარლამენტთან შეკრების მოწოდების ტექსტი კვიციანის გვერდზე აღარ იძებნება.

ემზარ კვიციანმა დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა, ასევე, აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

კომენტარები