ნიკა მელია

ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პირველად ნიკა მელია პარლამენტის სხდომაზე მივიდა

საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ეს პირველი სხდომაა, რომელზეც დეპუტატი ელექტრონული სამაჯურის გაკეთების შემდეგ გამოჩნდა. მელია ამბობს, რომ ის ენმ-ის ფრაქციის დროს გამოიყენებს და სხდომაზე სიტყვით გამოვა. 

"დღეს ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქე ვერცერთი უფლებით ვერ სარგებლობს, ვერც პოლიტიკურით, ვერც სოციალურით და ვერც ეკონომიკურით. ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაზე ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა და ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას იქ, სადაც უნდა გადაიდგას. გამარჯვება გარდაუვალია. დარჩა მოკლე დისტანცია დასაფარი. ემოციები მძვინვარებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენი, პასუხიმგებლიანი ოპოზიციური ძალების ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მარცხისთანავე დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა," - თქვა მელიამ.

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

დეპუტატ ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური მას შემდეგ დაუმაგრეს, რაც მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახედ 30 000 ლარიანი გირაო და სამაჯურის დამაგრება შეუფარდა. 

მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. 20 ივნისის ღამის შემდეგ პარლამენტთან აქციები მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგია. 

კომენტარები