დაპირისპირება პარლამენტთან

გომელაური კვიციანზე: პირველი ვინ დაიწყო, ვინ რა დაიძახა და ვინ ხელი გაიქნია, არ ვიცი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრის ემზარ კვიციანის მიერ აქტივისტებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე რამდენიმე წუთის წინ დამტკიცდა, როდესაც პალამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

"მე პირდაპირ არ მიყურებია ზუსტად დეტალებისთვის - დააგვიანა პოლიციამ რეაგირება თუ არ დააგვიანა, თუმცა როგორც ვიცი ეს ადამიანი გაიყვანეს იქიდან. ფაქტის შეფასებას გეუბნებით, რომ მე არ ვიცი რა მოხდა, ვიცი რომ საქმე აღიძრა, შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცას თუ ერთმანეთს მიაყენეს, გავერკვევი ამაში, ვნახოთ, კანონის ფარგლებში როგორც საჭირო იქნება პროკურატურასთან ერთად გავივლით და ისე მივყვებით საქმეს. დეტალები, პირველი ვინ დაიწყო და ვინ რა დაიძახა, ვინ ხელი გაიქნია არ ვიცი. საქმე აღძრულია, გავივლით პროკურატურასთან ერთად და შემდეგ საით წავა გამოძიება იქიდან გამომდინარე გაგცემთ პასუხს", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

ემზარ კვიციანმა დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

კომენტარები