მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენ.პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა

ტაბულა

მამუკა ხაზარაძეს არ აქვს იმედი, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ვინაიდან "ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა".

მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იმ პირობებში, როცა გიორგი გახარია პრემიერმინისტრია, მისი აზრით, გამოიძიებს თუ არა პროკურატურა გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის საქმეს ობიექტურად. 

"მე იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში, საერთოდ საქართველოში ნებისმიერი საქმე შეიძლება ობიექტურად იქნას გამოძიებული, მით უმეტეს, გენერალური პროკურორი არის და ეს ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად დანიშვნა, ასევე მინისტრებად დანიშვნა. ეს არის მახინჯი ფორმა მმართველობის და ეს ფორმა უნდა შეიცვალოს. 

რაც შეეხება მთავრობას, მე უბრალოდ კითხვა მინდა დაგისვათ, რამე შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ჩვენ ერთი წლის წინ ზარ-ზეიმით ვუყურეთ, როგორ დაინიშნა ახალი წინა პრემიერმინისტრი, რამე შეიცვალა, კონცეპტუალურად რამე ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ჩნონ ხელისუფლება. ასე არ გამოვა. საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე წლის მარტში თქვა, რომ გიორგი გახარიასგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო.  

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზე გაიგზავნა. 

დღეს ხაზარაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის შედეგები "სერიოზულია". 

პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თიბისი ბანკის საქმეზეც. 

კერძოდ: 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, ორივე მათგანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილების და ნებართვის გარეშე. 

კომენტარები