თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

ახალი პრემიერი, გავრილოვის ღამე, პრორუსული ჯგუფები - გიგა ბოკერიას გამოსვლა კონფერენციაზე

დღეს, 9 სექტემბერს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. 2019 წელს კონფერენციის თემა ასეთია - NOW WHAT? (ახლა რა?). ერთ-ერთ პანელში, რომელიც საქართველოს დემოკრატიის მომავალს ეხებოდა, მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მიიღეს.

გიგა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლა საქართველოს ახალ პრემიერმინისტრსა და მის წინამორბედებზე საუბრით დაიწყო, რომლებიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრებიდან ქრებიან.

"ვწუხვარ, რომ დღეს ახალი პრემიერის მოსმენის შესაძლებლობა არ მომეცა - მესმის, რომ დაკავებულია.

მაგრამ უფრო იმაზე ვწუხვარ, რომ მეორე წელია, ამ შეკითხვის დასმა მიწევს - სად არის ყოფილი პრემიერი? ან ის, ვინც მანამდე იყო? ისინი უბრალოდ გაქრნენ. წინის წინა პრემიერმინისტრმა გადადგომის შემდეგ Facebook ანგარიში წაშალა. წინა კი Facebook პოსტით გადადგა. ეს პრობლემაა, პრემიერმინისტრები არ უნდა ქრებოდნენ.

სამართლიანი რომ ვიყოთ, წინა ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც ვიყავი, ასევე აკრიტიკებდნენ მინისტრების და პრემიერმინისტრების ხშირი ცვლილებისთვის. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო საპარლამენტო რესპუბლიკა. ახლა საპარლამენტო მოდელზე გადავედით და არანორმალურია, რომ მეხუთე პრემიერმინისტრი შეიცვალა. ეს არ მომხდარა კრიზისის გამო - იგივე უმრავლესობა გვყავს". 

ბოკერიამ ისაუბრა ქართული ოცნების მმართველობის სტილზეც - როცა ქვეყანას ერთი მილიარდერი არაფორმალურად მართავს, მაგრამ არავის წინაშეა ანგარიშვალდებული. 

"ამრიგად, რა ხდება? „ძველ, კეთილ“ კომუნისტურ სტილს დავუბრუნდით, სადაც მმართველობაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელია. ჩვენ არ შეგვიძლია მისი პარლამენტში მოწვევა. პრობლემა მისი მილიარდერობა კი არა, ისაა, რომ არაანგარიშვალდებულია.

რამდენიმე წელია, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ბატონ თალაკვაძესთან, მიუხედავად ღრმა უთანხმოებებისა და ხანდახან ძალზედ მწვავე განცხადებებისა - განსაკუთრებით მისი ბანაკიდან. მაგრამ, ძველი ირონიული გამონათქვამი მახსენდება იასირ არაფატის შესახებ - გახსოვთ, მას ადანაშაულებდნენ, რომ ერთი გზავნილი ჰქონდა არაბულად და მეორე - ინგლისურად. ეს არჩილზე არაა, მაგრამ ნამდვილადაა ჩვენს მთავრობაზე.

სალომემ [სამადაშვილმა] გაიხსენა ახალი პრემიერის ძალზედ შემაშფოთებელი განცხადება - რომ მისი მთავარი მიზანია, გაანადგუროს პროდასავლური ოპოზიცია. ეს არ არის კარგი დასაწყისი ახალი პრემიერისგან ნორმალური პოლიტიკური კლიმატისთვის, გავრილოვის ღამე რომ გვერდზე გადავდოთ". 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკაზეც. 

"მაგრამ სხვა კითხვებიცაა: ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ავირჩიეთ, აღარ ვისაუბრებ საარჩევნო ძალადობაზე, მოსყიდვაზე და ა.შ. ამ პრეზიდენტს მხარს უჭერდა არჩილ თალაკვაძის პარტია, მთელი მათი რესურსით. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც საჯაროდ დაესხა თავს საქართველოში NATO-ს წვრთნებს. მან თქვა, რომ რა არის ამაში კარგი, ეს დესტაბილიზაციას იწვევს ქვეყანაში. ამრიგად, ჩემი რიტორიკული კითხვაა - რატომ უნდა დაუჭიროს პროდასავლურმა ქვეყანამ მხარი პრეზიდენტს, რომელსაც აშფოთებს საქართველოში NATO-ს ჯარების ყოფნა?

მეხუთე პრემიერი გვყავს, და არ შემდგარა კიევში პრემიერის ვიზიტი - რატომ? რატომ დაგვიბრუნდა თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერი, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოებას არ უნდა დაეხმაროს. საჯაროდ გაკიცხა პარალელი ყირიმსა და აფხაზეთს შორის, ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგოდ.

გუშინ პრემიერმინისტრის მოსმენა იყო არაპროდასავლურ ოპოზიციასთან. მინდა წავიკითხო რამდენიმე სლოგანი და თუ გამოიცნობით, ვის ეკუთვნის ისინი? „ჩვენ გვინდა ნეიტრალიტეტი“, „NATO გამოსავალი არ არის“, „გვსურს პირდაპირი დიალოგი პუტინთან და მოსკოვთან, დასავლეთის გარეშე“, „რუსული ტანკები უფრო ძლიერია, ვიდრე ჯაველინები“, „NATO-სთან ინტეგრაციის გამო ქართველი ბავშვები შიმშილობენ“, „არა LGBT პროპაგანდას“. იფიქრებდით, რომ ეს მორიგი გიჟური პრორუსული ჯგუფია, რომელიც ნებისმიერ თავისუფალ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ისინი პარლამეტში ბატონი თალაკვაძის მთავარი მოკავშირეები არიან - პატრიოტთა ალიანსი. როგორც წესი, ერთი და იმავე რამეს უჭერენ მხარს, ისინი მიუძღოდნენ ჩვენი ახალი პრეზიდენტის კამპანიას, ისინი ფინანსდებოდნენ მმართველი პარტიისა და მთავრობის მიერ, ისინი არ ისჯებიან ძალადობისთვის. ამ მოსმენისას, როდესაც ახალი პრემიერმინისტრი თავს დაესხა პროდასავლურ ოპონენტებს, ის სრულ ჰარმონიაში იყო ამ სლოგანების ავტორებთან. ერთადერთი, ეს ადამიანები ძალზეც კრიტიკულნი არიან იმის გამო, რომ ყველა ჩვენგანი არ დაიჭიერს - პრემიერი მათ დაპირდა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს". 

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ბოკერიას თქმით: 

"ახსენეს მედია - დიახ, პრობლემა გვაქვს. არამხოლოდ რუსთავი 2-ზე, რაც ოპოზიციისთვის დიდი დარტყმა იყო, სხვა ტელევიზიებზეც - ტვ პირველზე, ყველა პროდასავლურ მაუწყებელზე, რომლებიც ნაკლებად რადიკალურად აკრიტიკებენ მთავრობას, გამოძიება მიმდინარეობს. მათ მფლობელებზე საქმეა აღძრული - რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელის ჩათვლით. ასევე ბიზნესმენებზე - მათზე, ვინც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ანაკლიის პროექტში იყვნენ ჩართულნი. მაგრამ იცით ვინ არ არის გამოძიების ქვეშ? პრორუსული შინაარსის მედია - ობიექტივი. მთავრობას არ უჩნდება კითხვა, საიდან მოდის მათი ფული. მე მიჩნდება კითხვები". 

ბოკერია ამბობს, რომ 2012 წელი დიდი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, როცა არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა, ახლა საჭიროა, ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს ამ გზით. 

"არ შეგეშალოთ, საქართველო პროდასავლური ქვეყანაა. საზოგადოებრივი აზრი ძალზედ ძლიერია. ჩვენ კრახი არ განგვიცდია. მაგრამ თვითკმაყოფილები არ უნდა ვიყოთ და თვალი არ უნდა დავუხუჭოთ სახიფათო ნიშნებს - დაკავებები, ძალადობა, ძალადობისთვის დაუსჯელობა, პროდასავლელი ოპოზიციისთვის მთავარი მტრის იარლიყის მიწებება. დიახ, პროპორციული არჩევნები წარმატებაა - ეს გარღვევაა. მთავრობას სურს ის თავის წარმატებად ჩაიწეროს - კი ბატონო, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ქუჩიდან და ჩვენი მეგობრებისგან წამოსული ზეწოლის შედეგია. მაგრამ კარგია. რაც ახლა უნდა უზრუნველვყოთ, ისაა, რომ მომდევნო არჩევნებამდე მივიდეთ ძალადობის ნაკლები რისკით, ისე, რომ რადიკალური პროპუტინული ჯგუფების ოპონენტებზე ძალადობას მწვანე შუქი არ ჰქონდეს ანთებული.

დიახ, 2012 წელი დიდი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის - წავაგეთ, სასიამოვნო არ იყო, თუმცა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა. მაგრამ არჩევნებით მეორე შეცვლა გვჭირდება. მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ და მივიდეთ ძირითადი რისკების გარეშე. მოვუწოდებ არჩილს და სხვებს - მათ უნდა მიიღონ ფაქტი, რომ ჩვენ არ ვართ მტრები. მტრები არიან ისინი, ვინც პუტინის თამაშს თამაშობენ. მათთან კვაზი - მაკიაველისტურ თამაშში არ უნდა იყვნენ, თუ მართლაც პროპუტინული დღის წესრიგი არ აქვთ - რისი დაჯერებაც არ მინდა, მაგრამ მსურს, შედეგებით განვსაჯო. შედეგი ისაა, რომ ჩვენი საჯარო გაფრთხილებების მიუხედავად, მათ საქართველოში შემოუშვეს პუტინისტი, კომუნისტი, თქვეს, რომ არშემოშვების უფლება არ ქონდათ. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, არ შეუშვას ქვეყნის მტრები. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სკამშიც ჩასვეს. დიახ, ქართველი ხალხი გაბრაზდა და დიახ,ზოგიერთი მათგანი ძალადობაზე გადავიდა. „ევროპული საქართველო“ ყოველთვის ცხადად ამბობს - ნებისმიერი ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ, შენობის ასაღებად, მიუღებელია. ისინი უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ თუ მძიმე დანაშაულისთვის ისჯებიან, პოტენციურად ათწლიანი პატიმრობით, პროპუტინისტი ავაზაკები, რომლებიც პოლიციას ესხმიან თავს, თავისუფლები არიან. რა ტიპის გზავნილია ეს?". 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

კომენტარები