აშშ

ეკონომისტებმა დონალდ ტრამპის ტვიტების, ბირჟებზე გავლენის გამომთვლელი ინდექსი შეიმუშავეს

Lazaro Gamio/Axios

ბანკ JP Morgan Chase-ის ეკონომისტებმა ახალი ეკონომიკური ინდექსი შეიმუშავეს. ინდექსი ზომავს დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ტვიტების გავლენას ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე. ინდექსი ძირითადად, აშშ-ს ორწლიან და ხუთწლიან სახაზინო ობლიგაციებზეა კონცენტრირებული.

ახალ საზომს Volfefe-ის ინდექსი ეწოდება. სახელწოდება ინგლისური Volatility-ისა და ტრამპის მიერ ერთ-ერთ ტვიტში გამოყენებული სიტყვის, Covfefe-ის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტის მიერ ტვიტებში ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა: ჩინეთი, მილიარდი, დემოკრატები, პროდუქი, დიადი, საგრძნობ გავლენას ახდენს სახაზინო ობლიგაციების ფასებზე.

ეკონომისტების თქმით, ესეთ ტვიტებში ტრამპი ყველაზე ხშირად ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სავაჭრო უთანხმოებების თემებს ახსენებს. მათი თქმით, ესეთ ტვიტებს აქვთ პოტენციალი მოკლევადიან პერსპექტივაში შეცვალოს ბაზარზე არსებული ვითარება.

JP Morgan-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2016 წლიდან დღემდე პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერის გვერდზე საშუალოდ დღეში 10 ტვიტს აქვეყნებს. ინაუგურაციის მომენტიდან დღემდე პრეზიდენტმა ტრამპმა 10 ათასი ტვიტი გამოაქვეყნა. Bank of America-ს ინფორმაციით, დღეებში როდესაც ტრამპი ტვიტერზე განსაკუთრებით აქტიურობს საფონდო ბირჟების შემოსავალი მცირდება.

კომენტარები