დაპირისპირება პარლამენტთან

ინაშვილი: კვიციანზე განხორციელდა ძალადობა - დაუძახო მოღალატე, ეს მორალური ტანჯვის ტოლფასია

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ემზარ კვიციანი "სირცხვილიას" აქტივისტების პროვოკაციას წამოეგო. მისი თქმით, ძალადობა სწორედ კვიციანის მიმართ განხორციელდა. 

"ემზარ კვიციანი გამოვიდა პარლამენტის შენობიდან. ის მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ ტაქსისკენ რომელიც გამოძახებული ყავდა. ძალადობა განხორციელდა ემზარ კვიციანთან მიმართებაში. ძალადობა გამოიხატებოდა იმ ფორმებში, რა ფორმებსაც მიმართავენ ეს პროვოკატორები. დაუძახო და უწოდო მოღალატე ადამიანს, ეს არის მორალური ტანჯვის ტოლფასი"- ამბობს ინაშვილი. 

მისივე თქმით, "სირცხვილიას" აქტივისტები ბოკერია-სააკაშვილის პარტ-აქტივის წევრები არიან.

"როგორ უნდა აქციების მოწყობა, სტვენა და მოღალატის ძახილი, პირდაპირ ვეუბნები ამ ჯგუფს, ამას ვაჩვენებთ მათ. ამავდროულად, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტოს, დეპუტატი პირველ რიგში ადამიანი და მერე არის დეპუტატი. ყველას აქვს ღირსება და ემზარ კვიციანი იცავდა მის ღირსებას. კიბატონო, ფორმაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ თუ თქვენ მე მიმიყვანთ ისეთ ემოციურ აფეთქებამდე, რომ მე გამომიყვანთ მდგომარეობიდან, გეუბნებით, რომ ეს არის სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული და თქვენ დაისჯებით, მე კი არა",- აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

8 სექტემბერს, ემზარ კვიციანმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

კომენტარები