NATO-საქართველო

რასმუსენი: 2008-ში საქართველოსთვის MAP რომ მიგვენიჭებინა, ომის არიდება შეგვეძლო

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებულ და შემდგომ მოვლენებს იხსენებს. რასმუსენის თქმით, NATO-მ შეცდომა დაუშვა, საქართველოს რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ მიანიჭა, რამაც პუტინს არასწორი სიგნალი გაუგზავნა.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ 2008 წელს შეცდომა დავუშვით. მე ვემხრობოდი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას. ვფიქრობ, ეგრეც უნდა მოვქცეულიყავით, ვფიქრობ, არასწორი მესიჯი გავუგზავნეთ პუტინს. ყოყმანის, გადაწყვეტილების მიღების უუნარობის მესიჯი. მან კი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა და მე ნათლად ვხედავ კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე NATO-ს ამ ყოყმანსა და პუტინის 2008 წლის აგვისტოს საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო მესიჯის გაგზავნა საქართველოსა და NATO-სთვის - ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ამდენად, ვფიქრობ, ამის თავიდან არიდება შეგვეძლო, საქართველოსა და უკრაინისთვის რომ MAP მიგვენიჭებინა," - ამბობს რასმუსენი.

მისი თქმით, გარკვეულწილად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის MAP-ზე უკეთესიცაა, რადგან საქართველომ და უკრაინამ მიიღეს გარანტია, რომ NATO-ს წევრები გახდებოდნენ, რასაც MAP თავისთავად არ გულისხმობს.

"შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ბუქარესტის სამიტის დაწყებამდე განვიხილავდით, მივანიჭებდით თუ არა MAP-ს საქართველოსა და უკრაინას. ვერ შევძელით, სათანადო მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, როგორც იცით, NATO-ს მხოლოდ ერთხმად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. იყო გარკვეული წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინისადმი MAP-ის მინიჭების საკითხში. ნაცვლად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით NATO-ს წევრები. ეს კი უფრო ძლიერი განაცხადიცაა - MAP არ იძლევა გარანტიას, რომ ბოლოს წევრი გახდები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები."

რასმუსენის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, აკმაყოფილებდეს NATO-ს კრიტერიუმებს, რათა შესაძლებლობების ფანჯრის გახსნისას ქვეყანა გაწევრებისთვის მზად აღმოჩნდეს:

"ახლა ვაგრძელებთ რეფორმებს და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, გააგრძელოს რეფორმები, დააკმაყოფილოს NATO-ს კრიტერიუმები, იმიტომ, რომ როცა NATO იქნება მზად, თქვენც მზად უნდა იყოთ NATO-ში შესვლისთვის."

"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - გუშინ, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები