რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ ახალგორს "სიტუაციის ნორმალიზების" შემდეგ გახსნის

cominf

ოკუპირებული ახალგორი უკვე რამდენიმე დღეა, ჩაკეტილია. 

გუშინ, 9 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ "სამთავრობო" საინფორმაციო სააგენტომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც გაავრცელა. 

მასში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება "ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე დაძაბულობის ესკალაციასთან და სასაზღვრო ზონაში ოპერატიული სიტუაციის გართულების გამო" იქნა მიღებული. 

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებით შეჩერებულია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (IGGS) გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება." - აღნიშნავს ოკუპირებული რეჟიმის კგბ. 

მათივე ცნობით, აღნიშნული გამშვები პუნქტები მას შემდეგ გაიხსნება, რაც სიტუაცია ნორმალიზდება

სუს-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ: 

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები".

ინფორმაცია, რომ ახალგორის შესასვლელი ჩაიკეტებოდა, სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა. 

რაც შეეხება "დაბულობას", რომელზეც ოკუპირებული რეჟიმი საუბრობს - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა - დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. 

ქართულმა მხარემ ულტიმატუმი არ შეასრულა. მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

5 სექტემბერს ოკუპირებულმა რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის" დროშა 944 მეტრის სიმაღლეზე აღმართა. 

კომენტარები