თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

"ბოკერიამ ჩააბარა კოდორი" - რის სათქმელად მივიდა ინაშვილი კონფერენციაზე დაუპატიჟებლად

ტაბულა

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. 

ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. 

"მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაც გამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი", - თქვა მან. 

"თქვენი მეუღლე არის მწამებელი და მიიღებთ პასუხს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა და გავაკეთო მოხსენება", - მიმართა მან ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს. 

"არ წავალ, ეს არის თქვენი დემოკრატია?". 

ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები