NATO-საქართველო

კახიძე რასმუსენზე: არაღიარების პირობებში ეს არის გარანტია, რომ მივიღებთ უსაფრთხოების ქოლგას

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის წევრი ​ევროპული საქართველოდან, ოთო კახიძე ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზება საფრთხეს არ შეიცავს და ეს იქნება გარანტია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პარალელურად, საქართველო მიიღებს უსაფრთხოების ქოლგას.

ასე ეხმაურება ოთო კახიძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

"როცა ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა კვლავ ძალაში დარჩება, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უპირობოდ, მაგრამ ამავე დროს, ტოტალური თავდაცვის მუხლი გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს არის ძალიან საინტერესო გამოსავალი.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს, აქამდეც ნაფიქრი უნდა ჰქონდეს. არაღიარების პირობებში ეს არის გარანტია, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ქოლგას და გარანტია იმისა, რომ საქართველო განვითარდება ნახტომისებურად, ჩვენთან ჩაიდება თავისუფალი კაპიტალი, ინვესტიციებისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი გარემო.

რაიმე საფრთხეს ეს ჩვენთვის არ შეიცავს, პირიქით უფრო მომგებიანი იქნება ამგვარი კონფიგურაციით ნატო-ში გაწევრიანება", - ამბობს კახიძე IPN-სთან.

NATO-ს​ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები