თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

"ჩვენ ვართ ცივილიზებული, დასავლური აზროვნების პარტია" - ინაშვილის გამოსვლა კონფერენციაზე

ხმაურიანი მივარდნის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

"ჩვენ არავითარი კანონი არ დაგვირღვევია, არც დესტრუქცია და პროვოკაცია მოგვიწყვია, მე მგონი, ყველა განერვიულდა და მე ყველას ვთხოვ, მშვიდად ვიყოთ, იმიტომ, რომ არაფერი პროვოკაცია არ ყოფილა, და არც მომხდარა. ჩვენ ვართ ცივილიზებული ადამიანები და ყოველთვის მომხრე ვართ სიმშვიდის, წესრიგის და არადესტრუქციის.

ძალიან საინტერესო კონფერენცია საინტერესო გამომსვლელებით. სამწუხაროა, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია არ იყო მოწვეული ამ კონფერენციაზე, თორემ მივიღებდით აუცილებლად მონაწილეობას.

როცა მე ვიყავი ჟურნალისტი, დაახლოებით 18-19 წლის და ვაშუქებდით აშშ-ში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ვიზიტებს, მაშინ ჩვენ ამერიკელი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ - იცით, რა არის მთავარი მონაპოვარი? პოლიტიკური პლურალიმზი, ეს არის დემოკრატია.

პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩემზე, როგორც პარტიაზე ლაპარაკობენ კონფერენციის მონაწილეები და გუშინ ჩვენს პარტიაზე იყო დიდხანს საუბარი, მეც უნდა მქონდეს გამოსვლის საშუალება.

რამდენიმე, ცოტა არ იყოს ცინიკური შეფასება მოვისმინე დარბაზში მსხდომი სხვადასხვა წარმომადგენლისგან, მომხსენებელს არ ეხება, და მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ბოკერიას გუშინდელ გამოსვლას, რომელმაც ძირითადად ჩვენზე ილაპარაკა.

ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, საქართველოს პატრიოტები პირველ რიგში, ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას და ურთიერთობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მაგრამ ის რაც გუშინ ჩვენზე ითქვა და ბევრი ციტატა დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი ბატონი ბოკერიას მხრიდან, ეს არის ტყუილი, ტყუილი და ცილისწამება.

ისინი ცდილობენ, ბოკერია-სააკაშვილები, თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია და თქვენ მუდმივად გიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლურები, ხოლო ესენი ქვეყნის მტრები და აგენტები არიან, ჩვენ ანუ, ქართველი ხალხი" - განაცხადა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის თქმითვე, "ჩვენ ვართ, ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ნამდვილად ქართული პარტია და დასავლური აზროვნების პარტია. ამიტომ, იცოდეთ როცა ბოკერიები, სააკაშვილები და მათი ექსპერტები ჩვენზე საუბრობენ, ყველაფერი ტყუილია".

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას აქვს უფლება, ღონისძიებას დაესწროს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. 

"მინდოდა, მიმეღო მონაწილეობა, მომესმინა ჯერ და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენებაც გამეკეთებინა. ხომ არ შეიძლება, მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე. მე მაქვს სათქმელი, რომ ბოკერია, რომელიც ჩვენზე გუშინ უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი. ეს მაქვს სათქმელი", - თქვა მან. 

"თქვენი მეუღლე არის მწამებელი და მიიღებთ პასუხს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მაქვს უფლება, მივიღო მონაწილეობა და გავაკეთო მოხსენება", - მიმართა მან ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს. 

ირმა ინაშვილთან ერთად თბილისი რუმსში, სადაც კონფერენცია იმართება, იმყოფება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩევა. 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომენტარები